სასამართლო ექსპერტიზა ერთ სტრუქტურაში გაერთიანდა

თარიღი: 10 ნოემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი ერთ სტრუქტურაში - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გაერთიანდება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.
ამ საკითხთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ექსპერტიზის სფეროში პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილების მიზანი ერთიანი სისტემის შექმნაა. სასამართლო - საექსპერტო ფუნქციები სხვადასხვა უწყებაში არის გაბნეული, რაც ართულებს სფეროს ადმინისტრირებას. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 10 დეკემბრამდე უნდა შეიქმნას. „სასამართლო ექსპერტიზის გაერთიანების მცდელობა აქამდე არაერთხელ იყო, თუმცა ამას ხელს უშლიდა ყოფილი ხელისუფლების არაგუნდურობა და პოლიტკური ნების არარსებობა", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
მინისტრის თქმით, დღეისათვის იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში გაერთიანებულია კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, საინჟინრო - ტექნიკური, საბუღალტრო და სასაქონლო ექსპერტიზები. სასამართლო - ფსიქიატრიულ, სასამართლო - სამედიცინო და ნარკოლოგიურ ექსპერტიზებს კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააქციო საზოგადოებების ფორმით არსებული ინსტიტუტები ახორციელებენ. ექსპერტიზის ერთიანი სისტემის შექმნის შემდეგ ყველა ამ საექსპერტო მომსახურებას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასწევს.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა ლევან სამხარაულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლო ექსპეტიზის სფეროში დღეს კატასტროფული მდგომაროებაა. მოშლილია ინფრასტრუქტურა და არ არსებობს შესაბამისი აპარატურა სხვადასხვა ექსპერტიზის ჩასატარებლად. განსაკუთრებულად მძიმე ვითარება სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზაშია, რომლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მინიმუმ 2,5 მლნ. ლარია საჭირო.
გიორგი პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ექსპერტიზის დარგის განვითარებაში სახელმწიფოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს - იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სფეროს როგორც მატერიალურად, ასევე ტრეინინგებით აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ეხმარება.