იურისტების საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობაზე იმსჯელებენ

თარიღი: 05 ნოემბერი 2004

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ფინანსური მხარდაჭერით, 6 ნოემბერს იურისტთა არაფორმალურ შეხვედრას გამართავს, რომელიც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემას ეძღვნება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენელები და ჟურნალისტები.
აღნიშნული ღონისძიება იურისტთა არაფორმალური სადისკუსიო ფორუმის ფარგლებში გაიმართება. ფორუმი იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და OSCE-ს ერთობლივი პროექტი მეოთხე თვეა მიმდინარეობს. უკვე განხილულია შემდეგი თემები: „სასამართლოზე ზემოქმედება"; „სასჯელაღსრულების რეფორმის პერსპექტივები"; „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და საქართველოში მისი განვითარების კონცეფცია"; „სასამართლო და კორუფცია"; „ინფორმაციის საჯაროობა და საჯარო სამსახური"; „საპროცესო შეთანხმება"; ჰააგის 1961 წლის „კონვენციაზე, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას" მიერთების საკითხი.