იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მოდერნიზებული მისაღები გაიხსნა

თარიღი: 04 ნოემბერი 2004

იუსტიცის სამინისტროში დღეს მოქალაქეთა მოდერნიზებული მისაღების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაესწრო.
მოქალაქეთა კომპიუტერიზებული მისაღები იუსტიციის სამინისტროში დონორი ორგანიციების - აშშ განვითარების სააგენტოს (USAID), „აირის საქართველოს" და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით შეიქმნა.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მოდელი იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი სხვა უწყებებისათვის, როგორ უნდა ხდებოდეს მოქალაქეთა სწრაფი, გამჭვირვალე და ხარისხიანი მომსახურება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა მოქალაქეთა მისაღების პრეზენტაციისას. მისივე თქმით, მთავრობის მიერ აღებული რეფორმის კურსის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სახელმწიფოს სტრუქტურების მუშაობის გამჭვირვალობაა, მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინფორმაცია და მას ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად რთული ბარიერების გადალახვა არ უნდა უწევდეს, რაც შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა ახალი მისაღების ამოქმედებით.
ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ მოკლე ხანში შეძლო მოქალაქეთათვის მაღალ დონეზე მომსახურების უზრუნველყოფა და იმედი გამოთქვა, რომ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის მთავრობის კანცელარიისათვის იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღები სამოდელო იქნება.
მოქალაქეთა განახლებულ მისაღები აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. გამარტივებულია მოქალაქეთა მომსახურების სისტემა და მინუმუმამდე შემცირებულია დოკუმენტის მისაღებად დადგენილი ვადა.
„აირის საქართველომ" იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღების აღჭურვის პროექტი განახორციელა USAID -ის მიერ დაფინანსებული კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში „აირის საქართველო" უძღვება. ავეჯისა და კომპიუტერების შეძენაზე 25 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამ პროექტში ფინანსური მონაწილეობა მიიღეს სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენმა" და გაეროს განვითარების პროგრამამ.
იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეთა მისაღების პრეზენტაციის შემდეგ სამინისტროში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. სტრუქტურული რეფორმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა მიწის მართვის დეპარტამენტი, სახელმწიფო არქივი და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო. 10 დღეში იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა საპასპორტო - სავიზო სამსახური, რომელიც დღემდე შს სამინისტროს გამგებლობაშია.
გიორგი პაპუაშვილის თქმით, სამინისტროს მუშაობის მთავარი მიმართულებებია: კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზება, სახელმწიფო რეესტრის შექმნა, პენიტენციალური სისტემის რეფორმა, პრობაციის ეფექტური სისტემის დანერგვა, ნოტარიატის სისტემის რეფორმა, თანამედროვე ექსპერტიზის ცენტრის ჩამოყალიბება, საჯარო მომსახურების ეფექტურობის ამაღლება, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის დასრულება, იურიდიული განათლების სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება და დამკვიდრება და მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა.
იუსტიციის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც პენიტენციარული სისტემაში არსებული მდგომაროების გამოსწორებისათვის, პრობაციის მაღალი დონის სისტემისა და სახელმწიფოს რეესტრის (სამოქალაქო, საჯარო, პოლიტიკურ პარტიათა, არასამთავრობო ორგანიზაციების, და ა.შ) ჩამოყალიბებისათვის ხორციელდება.