ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება - გამოყენების შესახებ შს მინისტრის ბრძანების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოიწონა

თარიღი: 03 ნოემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტში ექპერტიზა გაიარა შს მინისტრის ბრძანების პროექტმა, რომელიც განსაზღვრავს "ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება - გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესს".
სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ დეკანოიძის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები არ გააჩნია.
შს მინისტრის ბრძანებულების პროექტით დადგენილია სპეციალური სიგნალების - ლურჯი და წითელი ფერის შუქურის, სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოსა და სპეციალური ხმოვანი სიგნალის გამოყენების წესი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლი აწესებს ჯარიმას სპეციალური სიგნალების დაყენება - გამოყენების წესის დარღვევისათვის, თუმცა დღემდე ასეთი წესი არ არსებობდა, შესაბამისად, ზემოთაღნიშნული მუხლი არ მუშაობდა.
სპეციალური სიგნალებისა და შუქურების დაყენება - გამოყენების ნებართვა გაიცემა ოპერატიული სამსახურების, ხანარსაწინააღმდეგო სამსახურების, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ან წითელი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დადგენილ წესს გადაუხვიოს.
ბრძანებულების პროექტით, სპეციალური სიგნალებისა და შუქურების დაყენება - გამოყენების ნებართვას 10 დღის ვადაში გასცემს თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს, რაიონული ან საქალაქო საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახურები. ნებართვა ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს.