იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

თარიღი: 03 ნოემბერი 2004

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე გურეშიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ქ. ბონში გამართულ მოლაპარაკებებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის ფინანსურ და ტექნიკურ თანამშრომლობას ეხებოდა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის დელეგაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.
ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსათვის გერმანიის მთავრობის მიერ "სამართლისა და იუსტიციის სფეროს დახმარების" პროექტისათვის გამოყოფილია 2 მლნ ევრო. ამასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შენარჩუნდება არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტები (სამოქალაქო და კომერციული სამართალი). პროექტის რეალიზაციისას განსაკუთრებული ყურადღება სამართლის პოპულარიზაციასთან ერთად სამომავლოდ სამართლის პრაქტიკული დანერგვისკენ და კადრების მომზადებისა და გადამზადებისკენ (სასწავლო ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, ნოტარიუსები) იქნება მიმართული.
სამთავრობო მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტების მიმდინარეობის საკითხი. გერმანული მხარე მიესალმა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნას და ამისათვის აუცილებელი ნორმატიული საფუძვლების შემუშავებას. გადაწყდა, რომ კადასტრის პროექტი, რომლის პირველი კომპონენტის განხორციელება 2000 წელს დაიწყო, 2006 წლის ივნისამდე გასტანს.
სამთავრობო მოლაპარაკებებზე ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამართლისა და იუსტიციის რეფორმების მხარდაჭერის პროექტის მნიშვნელობა. გერმანის მთავრობამ ამ პროგრამის განხორციელება 2002 წლიდან დაიწყო, რაც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას სამართლისა და იუსტიციის სფეროს რეფორმების საკითხებში. 2004 წლის იანვარში პროექტის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო. ქართული მხარე მიესალმა პროექტის გაგრძელებას და მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროექტის რეალიზაციის პროცესში.
ეკატერინე გურეშიძე ბონიდან ბერლინში გაემგზავრა, რადაც შეხვდა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ბატონ გაიგერს. ამ შეხვედრაზე ეკატერინე გურეშიძემ ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოში სამართლებრივ სფეროსა და, კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროში არსებობს - კორუფციასთან ბრძოლა და ამ თვალსაზრისით კანონმდებლობის მოდერნიზაცია; ადამიანის უფლებების დაცვა; საქართველოს კანონმდებლობის მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან; ერთიანი სამოქალაქო რეესტრის შექმნა; ერთიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება და ამასთან დაკავშირებით ნოტარიუსების გადამზადება; პენიტენციარული სისტემის რეფორმა და სხვა.
ეკატერინე გურეშიძის ვიზიტის მიზანი საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრა იყო, რაც წინ უსწრებდა ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრას, რომელიც 2005 წლის 19-21 აპრილს არის დაგეგმილი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ზემოაღნიშნულ სფეროებში. გერმანიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტს, სავარაუდოდ, ხელი მოეწერება იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას.