საზღვარგარეთ წარსადგენი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს

თარიღი: 30 ოქტომბერი 2004

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იურისტთა არაოფორმალური შეხვედრაზე, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, საქართველოში გაცემული და საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის პრობლემაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, ძირითადად, საუბარი იყო ჰააგის 1961 წლის „კონვენციაზე, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას". ამ კონვენციასთან მიერთების შემთხვევაში, დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად ერთადერთი მოთხოვნა იქნება მასზე აპოსტილის (სათანადო შტამპის) არსებობა.
დღეისათვის დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული და იუსტიციის სამინისტროში ლეგალიზებული დოკუმენტი შემდგომ „რეგისტრაციას" გადის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში და იმ ქვეყნის საელჩოში, სადაც დოკუმენტი იგზავნება. თუმცა, ლეგალიზაციის განსხვავებული სისტემების გამო, საქართველოდან წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა დამატებით მოწმდება.
ზემოთაღნიშნულ კონვენციასთან 70-ზე მეტი ქვეყანაა მიერთებული.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების, ნოტარისთა პალატის, განათლებისა და მეცნიერებისა და საგარე საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.
იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და OSCE-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც სამართლის აქტუალურ საკითხებზე იურისტთა სადისკუსიო ფორუმის ფორმატით არაფორმალურ შეხვედრებს ითვალიწინებს, მეოთხე თვეა მიმდინარეობს. სადისკუსიო ფორუმზე უკვე განიხილეს შემდეგი თემები: „სასამართლოზე ზემოქმედება"; „სასჯელაღსრულების რეფორმის პერსპექტივები"; „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და საქართველოში მისი განვითარების კონცეფცია"; „სასამართლო და კორუფცია"; „ინფორმაციის საჯაროობა და საჯარო სამსახური"; „საპროცესო შეთანხმება"; „სამედიცინო სამსახურის როლი იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში".