სულხან მოლაშვილის სასამართლო პროცესზე საჯაროობის პრინციპი არ დარღვეულა

თარიღი: 24 ოქტომბერი 2004

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად განსასჯელ სულხან მოლაშვილის პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას საჯაროობის პრინციპის დარღვევის შესახებ მას-მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა კლდიაშვილმა.
მისი განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2004 წლის 23 ოქტომბრის 01.00 საათზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ბეჟან ხიმშიაშვილმა მიმართა, რომელმაც 23 ოქტომბერს 2004 წლის 23 აპრილს, 02.50 საათზე დაკავებული მოლაშვილის პატიმრობის ვადის გაგრძელების საკითხი განიხილა და ითხოვა, თავისი გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გამოეცხადებინა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელის კაბინეტში 23 ოქტომბრის 02.00 საათზე შედგა, რომელზე დასწრებაზეც საპატიმროსთან მისულმა ჟურნალისტებმა თავად თქვეს უარი. „გვქონდა ინფორმაცია, რომ მას-მედიის წარმომადგენლებს სასამართლო პროცესზე დასწრება უნდოდათ, მივეცით კიდეც მათ ამის შესაძლებლობა, თუმცა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ თავად გადაიფიქრეს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრება, აქედან გამომდინარე, საჯაროობის პრინციპი არ დარღვეულა", - განაცხადა კლდიაშვილმა.
მანვე უარყო სულხან მოლაშვილის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიწვიეს. „ექიმთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად თავად გახლდით განსასჯელის პალატაში, თუმცა მისი გაღვიძება ვერ შევძელით", - თქვა კლდიაშვილმა.