საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბულის კონვენცია).

სტამბულის კონვენცია არის პირველი სავალდებულო ხასიათის სამართლებრივი დოკუმენტი ევროპაში, რომელიც მიმართულია ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემისაკენ. იგი უზრუნველყოფს ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, მსხვერპლ ქალთა დაცვას და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორცილებული ნებისმიერი სახის ძალმომრეობითი ქმედება.

სტამბულის კონვენციით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციისა და სარატიფიკაციო ღონისძიებების გატარების მიზნით იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით  შემუშავდა ცვლილებები 20-მდე საკანონმდებლო აქტში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწის გზით ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის წარმოება.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების, სტამბულის კონვენციისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით 2015 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გასცა გრანტი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით განახორციელა  სხვადასხვა სახის აქტივობები: საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, გამოფენა, საინფორმაციო ბროშურების შემუშავება და გავრცელება.