ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში. სამდივნომ სამუშაო პროცესი ფორუმის წევრ საჯარო უწყებებთან და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაიწყო. მათი მხრიდან სამდივნოს წარედგინა წინადადებები და იდეები იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სამდივნომ ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში  იმუშავა იმ უწყებებთან, რომლებიც მანამდე ღია მმართველობა საქართველოს საქმიანობაში არ ყოფილან ჩართულნი. სამდივნომ ასევე მიიღო ფორუმის ძველი და პოტენციური წევრების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების ფართო ნუსხა.

სამდივნოს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მათი იდეების უმეტესობა ვალდებულებების სახით აისახა გეგმაში. ქვეყნის მასშტაბით გამართულ საჯარო კონსულტაციების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და სამდივნოს მხარს უჭერდა USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). საჯარო კონსულტაციები საქართველოს 15 ქალაქში ჩატარდა; გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 800-მდე დაინტერესებულმა პირმა.
 
ღია მმართველობა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 24 პასუხისმგებელი უწყების 24 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP-ის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს OGP-ის ხუთივე გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

 
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა