2012 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით,  ჩატარდა  დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის მესამე ტალღა საქართველოში, რამაც შესაძლებელი გახადა წინა ორი კვლევის მონაცემების გადამოწმება მომდევნო წლის შედეგებით. კვლევის ტექნიკური ნაწილი განახორციელა კომპანია „გორბი"-მ. შედეგების ანალიზში მონაწილეობდა იან ვან დაიკი, ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორი. შერჩევამ მოიცვა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. 3001 რესპონდენტი პირისპირ გამოიკითხა ინტერვიუირების მეთოდით.

დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა სტანდარტიზირებულია ICVS-ის კვლევასთან და მონაცემები შედარებადია საერთაშორისო შედეგებთან ვიქტიმიზაციის 10 ტიპის მიხედვით. კითხვარს  ასევე დაემატა  ვიქტიმიზაციის 11 კატეგორია ქვეყნის შიდა ანალიზისთვის. გამოკითხვამ მოიცვა დანაშაული, რომლის შედეგადაც დაზარალდა  როგორც ინდივიდი და ოჯახი, ასევე დანაშაული, რომელმაც დააზარალა  მხოლოდ ინდივიდი. ბოლო გამოცემაში დაემატა ასევე მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა კორუფციასა და ნარკოდანაშაულის მიმართ. კორუფციის კითხვარი მომზადდა ევრობარომეტრის სტანდარტული კითხვარის მიხედვით.