2011 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით,  ჩატარდა  დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის მეორე ტალღა საქართველოში, რამაც შესაძლებელი გახადა პირველი კვლევის მონაცემების გადამოწმება მომდევნო წლის შედეგებით. კვლევის ტექნიკური ნაწილი განახორციელა კომპანია „გორბი"-მ. საბოლოო ანალიზი მოამზადა იან ვან დაიკმა, ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორმა და კრიმინოლოგიის პროფესორმა გიორგი ღლონტმა.

შერჩევამ მოიცვა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. თითოეულ წელიწადს გამოიკითხა 16 წლის და უფროსი ასაკის 3000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით. დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა სტანდარტიზირებულია ICVS-ის კვლევასთან და მონაცემები შედარებადია საერთაშორისო შედეგებთან ვიქტიმიზაციის 10 ტიპის მიხედვით. კითხვარს  ასევე დაემატა  ვიქტიმიზაციის 11 კატეგორია ქვეყნის შიდა ანალიზისთვის. გამოკითხვამ მოიცვა დანაშაული, რომლის შედეგადაც დაზარალდა  როგორც ინდივიდი და ოჯახი, ასევე დანაშაული, რომელმაც დააზარალა  მხოლოდ ინდივიდი.