სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.604
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №63
2008 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის 2006 წლის 30 ივნისის №645 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №80 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №227-სსმIII, №143, 30.09.2008წ.; მუხ. 1429
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 თებერვლის ბრძანება №43-სსმIII, №19, 19.02.2009წ.; მუხ. 235
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ. 474
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №229-სსმIII, №157, 25.12.2009წ.; მუხ. 1884
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №18-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ. 125
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №81-სსმIII, №36, 07.04.2010წ.; მუხ. 599
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 18.03.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
    მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
    მუხლი 2
გენერალური ინსპექცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №229-სსმIII, №157, 25.12.2009წ.; მუხ. 1884
    მუხლი 3
გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
    მუხლი 4
გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
    მუხლი 5
გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 6
გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპებს.
თავი II
გენერალური ინსპექციის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
    მუხლი 7
გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა და კერძო აღმასრულებელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
ი) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანების შესაბამისად;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 თებერვლის ბრძანება №43-სსმIII, №19, 19.02.2009წ.; მუხ. 235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ. 474
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №18-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ. 125
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
 
    მუხლი 8
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების და კერძო აღმასრულებლების მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
დ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
1) ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით;
ე) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
ვ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მინისტრთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
თ) მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების საშუალებით გამოვლენილი დარღვევების შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებლისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და მოთხოვნილი მასალები;
ი) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგინოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ სააგენტოს;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას;
ლ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით მინისტრს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს დაწესებულების ხელმძღვანელს, აგრეთვე დაწესებულების სისტემის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს რეკომენდაციით შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის შესახებ;
ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მინისტრს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
ო) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
პ) თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროს და მის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობებში;
ჟ) განახორციელოს მონიტორინგი სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 2 თვემდე ვადით;
რ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
ს) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
    მუხლი 9
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) წინასწარ განუმარტოს პირს მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
ბ) ჩაატაროს მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) აწარმოოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ვ) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ზ) უზრუნველყოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებისა და სამინისტროს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
თ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
 
თავი III
სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი
    მუხლი 10
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
2. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
    მუხლი 11
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
2. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 12
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, გეგმური შემოწმების გრაფიკი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.
2. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
 
    მუხლი 13
1. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
2. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.
3. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა სამინისტროს მოსამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
    მუხლი 131. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №18-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ. 125
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
    მუხლი 14
1. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გენერალურ ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტაციის გაცნობისა და ასლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, საქმის წარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 15
1. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილ თანამდებობის პირს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების შესრულება სავალდებულოა.
2. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს მიმართავს წარდგინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
3. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით უფლებამოსილია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგინოს მოთხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №227-სსმIII, №143, 30.09.2008წ.; მუხ. 1429
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
    მუხლი 16
გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 17
1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მის ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მინისტრი.
თავი IV
გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
    მუხლი 18
გენერალურ ინსპექციაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საგამოძიებო სამმართველო;
ბ) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;
გ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო;
დ) ოპერატიული სამმართველო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 თებერვლის ბრძანება №43-სსმIII, №19, 19.02.2009წ.; მუხ. 235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ. 474
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №81-სსმIII, №36, 07.04.2010წ.; მუხ. 599
    მუხლი 19
1. საგამოძიებო სამმართველო უზრუნველყოფს გამოძიების ჩატარებას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში.
2. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:
ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობას;
გ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას;
დ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას.
ე) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, დასაბუთებული დასკვნის მომზადებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელებას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე;
ზ) ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე მასალების მომზადებას;
თ) მონიტორინგის განხორციელებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე.
3. საფინანსო-სარევიზიო სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ შემოწმებას;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს.
4. ოპერატიული სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით ახორციელებს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის მხარდაჭერას; ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის და უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №227-სსმIII, №143, 30.09.2008წ.; მუხ. 1429
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 თებერვლის ბრძანება №43-სსმIII, №19, 19.02.2009წ.; მუხ. 235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ. 474
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №81-სსმIII, №36, 07.04.2010წ.; მუხ. 599
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
თავი V
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
    მუხლი 20
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.
    მუხლი 21
1. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს გენერალური ინსპექციის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
დ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სამსახურებრივ შემოწმებას; მინისტრთან შეთანხმებით აჩერებს ან წყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
თ) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, წარდგინებას, რეკომენდაციას და დასკვნას;
ი) აკონტროლებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
კ) პერიოდულად ისმენს გენერალურ ინსპექციაში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ო) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
    მუხლი 22
გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ორჯერ – არა უგვიანეს 15 ივლისისა და 15 იანვრისა, მინისტრს წარუდგენს გასული ექვსი თვის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
    მუხლი 23
1. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე;
გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე;
ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
ვ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.
    მუხლი 24
1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. (ამოღებულია - 18.03.15 №71).
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
5. გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება №81-სსმIII, №36, 07.04.2010წ.; მუხ. 599
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 16.12.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 18.03.2015 წ.
    მუხლი 25
1. გენერალურ ინსპექციაში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;
გ) ამზადებს და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ გენერალური ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;
ი) ყოველთვიურად, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
ლ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
მ) გენერალური ინსპექციის უფროსთან შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ნ) შემოწმების პერიოდში სამმართველოს უფროსის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსთან;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე.
    მუხლი 26
1. გენერალურ ინსპექციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლები;
გ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ. 474
 
თავი VI
დასკვნითი დებულება
    მუხლი 27
გენერალური ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.