საქართველოს პირველი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია  დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის N550 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანებულებით დამტკიცდა რიგით მეორე ანტიკორუფციული სტრატეგია, ხოლო 2010 წლის 14 სექტემბერს ძალაში შევიდა ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმა. ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები აერთიანებდნენ შვიდ სტრატეგიულ პრიორიტეტს.

ახალ გამოწვევებთან ბრძოლის, ასევე მიღწეული შედეგების გაღრმავების, არსებული მექანიზმების შემდგომი დახვეწისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბების გაფართოების მიზნით, 2013 წელს ანტიკორუფციულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.

სამუშაო პროცესი წარიმართა ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფისა და ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიულ პრიორიტეტზე დაყრდნობით.

ანტიკორუფციული დოკუმენტების მომზადების პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეული თემატური სამუშაო ჯგუფის მომხსენებლად განისაზღვრა როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი.

მესამე ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია  და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა  საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 20 აპრილს დაამტკიცა. ახალი გამოწვევების ასახვის მიზნით 2016 წელს ანტიკორუფციული სტრატეგია  და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა  განახლდა და დამტკიცდა საბჭოს მიერ 2016 წლის 27 მაისს. ამასთან, ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაში ჩართო სამი მუნიციპალიტეტი (თბილისი, ქუთაისი და რუსთავი), შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულება აისახა განახლებულ პოლიტიკის დოკუმენტებში.

ანტიკორუფციულმა საბჭომ რიგით მე-14 სხდომაზე დაამტკიცა ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია  და 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. აღნიშნული ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 სექტემბერს N443 დადგენილებით  დაამტკიცა.

ანტიკორუფციული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა 16 პრიორიტეტულ სფეროს აერთიანებს:

1.    კორუფციის პრევენციის მიზნით ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია;
2.    საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია;
3.    ღიაობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
4.    განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კორუფციის პრევენციის მიზნით;
5.    კორუფციის პრევენცია სამართალდამცავ ორგანოებში;
6.    კორუფციის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემაში;
7.    გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციული რისკების შემცირება საჯარო ფინანსების და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
8.    კორუფციის პრევენცია საბაჟო და საგადასახადო სისტემაში;
9.    კორუფციის პრევენცია კერძო სექტორთან მიმართებით;
10.    კორუფციის პრევენცია ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში;
11.    პოლიტიკური კორუფციის პრევენცია;
12.    კორუფციის პრევენცია თავდაცვის სექტორში;
13.    კორუფციული რისკების შემცირება მარეგულირებელ ორგანოებში;
14.    კორუფციის პრევენცია სპორტის სფეროში;
15.    კორუფციის პრევენცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
16.    კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში.

ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებს საფუძვლად უდევს განვითარებულ სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ანალიზი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანზაციების მიერ მომზადებული კვლევები, საერთაშორისო შეფასებები და  წინა ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში.

დანართები:
ანტიკორუფციული სტრატეგია 2015
ანტიკორუფციული სტრატეგია 2010
ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2010-2013
ანტიკორუფციული სტრატეგია 2015-2016
ანტიკორუფციული სტრატეგია 2017
ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2017-2018