ანტიკორუფციული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და კორუფციის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო („ანტიკორუფციული საბჭო). 2010 წლის 21 ივლისს ანტიკორუფციული საბჭოს მარეგულირებელი დებულებები აისახა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში. 2013 წლიდან ანტიკორუფციული საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის  N390 დადგენილებით.

ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი და მისი წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობა არაერთხელ განახლდა 2012-2015 წლებში. დღეს საბჭო აერთიანებს 47 უწყებას, რომელთაგან 17 ორგანიზაცია არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნეს სექტორს მიეკუთვნება.

საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;
  • საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი;
  • საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
  • საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგება.
სამდივნო

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს ანტიკორუფციული საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, კოორდინირებასა და ადმინისტრირებას უწევს საბჭოს ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებსა და ღონისძიებებს. დეპარტამენტი უშუალოდ უზრუნველყოფს საბჭოს კვლევით და ანალიტიკურ მხარდაჭერას, შეხვედრების ორგანიზებას, სამუშაო მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადებასა და საერთაშორისო წარმომადგენლობას.