საქართველოს მთავრობამ დაიწყო ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გაქვს იდეა ინოვაციური რეფორმის შესახებ, რომელიც უფრო გამჭვირვალეს და ანგარიშვალდებულს გახდის მთავრობას? მოგვწერე და ჩაერთე ღია მმართველობის დღის წესრიგის შედგენაში.

უსაფრთხოების კოდი

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) 2011 წელს დაარსდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც პარტნიორობას იმავე წელს შეუერთდა. დღეს პარტნიორობას 76 წევრი ქვეყანა ჰყავს.

საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, მნიშვნელოვანი მიღწევებია:

  • სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის შეიქმნა მუდმივი საკოორდინაციო მექანიზმი - ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი;
  • პროაქტიულად ქვეყნდება საჯარო ინფორმაცია; შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა;
  • დაინერგა ელექტრონული პეტიციის პორტალი - I-change.gov.ge, რომელიც თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს პეტიციით მიმართოს საქართველოს მთავრობას;
  • შეიქმნა პირველი ღია მონაცემთა პორტალი - Data.gov.ge
  • მეტად ხელმისაწვდომი გახდა საჯარო სერვისები ონლაინ რეჟიმში - My.gov.ge
  • ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პროცესში. მთავრობასთან ერთად, ღია მმართველობის გეგმას საქართველოს პარლამენტი და თბილისის მერიაც ახორციელებს. პროცესში მონაწილეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოც;
  • პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველო 2014 წელს ორი წლის ვადით OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს;
  • 2016 წელს საქართველო 2017-2018 წლებისთვის OGP-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. საქართველო OGP-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე OGP-ის თავმჯდომარეები იყვნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.

ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია:

  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება
  • მოქალაქეთა მონაწილეობა
  • ტექნოლოგია და ინოვაცია.

საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, 2018 წლის 17-19 ივლისს მე-5 გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

ამჟამად საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, მუშაობს რიგით მეოთხე, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მოქალაქეებთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება. საჯარო კონსულტაციები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით.