ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 16 პასუხისმგებელი უწყების 27 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP-ის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს ღია მმართველობის პარტნიორობის 4 გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში აფასებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

ანგარიში შემუშავებულია სამდივნოს მიერ გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე.

წინამდებარე ანგარიში არ ფარავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის მიხედვით, სრულად შესრულდა (ვალდებულება: 2; 3; 13; 15; 16; 17; 20; 26). სხვა ვალდებულებების პროგრესის თვალსაჩინოდ წარმოჩენის მიზნით, თითოეულისთვის მოცემულია შესრულების პროგრესის ცხრილი შუალედური ანგარიშიდან, აღნიშნულის ქვეშ კი განხილულია ცვლილებები, რომლებიც შუალედური ანგარიშიდან 2016 წლის ბოლომდე განხორციელდა.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 29 ვალდებულებიდან  სრულად შესრულდა 18 ვალდებულება, უმეტესწილად შესრულდა 6 ვალდებულება, ნაწილობრივ შესრულდა 5 ვალდებულება, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება არ გვაქვს.

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში