2011 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (#751) შეიქმნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში საბჭო), რომელიც მოგვიანებით, 2014 წლის 7 მაისს, საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა საქართვლოს მთავრობის N342 დადგენილებით. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამთავრობო უწყებების თანამდებობის პირები და ასევე ექსპერტების სახით მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.

საბჭოს მიზანია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე აგებული ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა; ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, მისი პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი; აღნიშნული სტრატეგიის განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; სტრატეგიის განხორციელების პროცესში უწყებათაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფა.

2013 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა ნარკომანიასთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ, როგორც შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამოქმედო გეგმა სრულად ასახავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე საერთაშორისო და განსაკუთრებით ევროპულ სტანდარტებს.

ამ დოკუმენტებით ჩამოყალიბდა ნარკომანიასთან ბრძოლის ახლებური მიდგომა, რაც გულისხმობს დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებების პატივისცემაზე.

ახალი მიდგომის მიზანია ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და მეორე მხრივ, განვითარდეს ნარკომანიასთან ბრძოლის სამედიცინო-სოციალური საშუალებები.

ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია დადებითად შეფასდა ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის მიერ (2015 წლის 18 დეკემბერის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე პროგრეს ანგარიშით),
აგრეთვე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ყოველწლიურ ანგარიშში (ბოლო ანგარიში გამოვიდა 2015 წლის მარტში).

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა სახელმწიფო უწყებების აქტიური თანამშრომლობის შედეგად. დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა, მიწოდების შემცირება, მოთხოვნის შემცირება - პრევენცია და მკურნალობა - რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, ასევე, მკურნალობა-რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ამასთან, სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარკოპოლიტიკის დახვეწასა და  კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.


საბჭო ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ საელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 13 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ნარკომანიასთან ბრძოლის საბჭოსა და საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შორის, რომლის თანახმადაც გაძლიერდება თანამშრომლობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკომანიის პრევენციის მიზნით. მემორანდუმი მიზანად ისახავს მოხდეს ამ ორი საბჭოს ერთობლივი საქმიანობების და პროგრამების უკეთესი კოორდინაცია, ორივე მხრიდან ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენება.

2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს „EMCDDA“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ნარკოტიკებზე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების კუთხით  თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამასთან, მემორანდუმის მიზანია ნარკოვითარების მონიტორინგისა და შეფასების სისტემების შედარებითი ინდიკატორების განვითარება-სრულყოფა. მემორანდუმის ფარგლებში ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი დაეხმარება საქართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის სფეროში ექსპერტების მომზადებაში; მიაწვდის ქართულ მხარეს ნარკოდანაშაულის უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგებს. მხარეები სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მოქცეულ ახალი ტიპის ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, მათი წარმოებისა და გამოყენების ტექნოლოგიებზე.

EMCDDA-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაიხვეწება საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, დაინერგება მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიები. იუსტიციის სამინისტრო მოამზადებს წლიურ ანგარიშს ქვეყანაში ნარკოვითარების შესახებ და წარუდგენს მას  ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს.
 
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/e-library/documents/policies/international-affairs/general/docs/fourth_report_georgia_implementation_action_plan_visa_liberalisation_en.pdf