საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება N161
2010 წლის 31 აგვისტო . თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008
წლის 7 ნოემბრის N 541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის
მე-2 პუნქტის „ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური
დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს
იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის N 14 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური
დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური
დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს,
სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის
საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში -
სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის,
საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში -
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 4
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას
წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც მასზე
ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი
წესით. მინისიტრი უშუალოდ ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას.
2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებზე დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულია მინისტრის პირველი მოადგილის წინაშე.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის, აგრეთვე საკანონმდებლო პროექტების
საკითხებზე დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის შესაბამისი
მოადგილეების წინაშე.
4. ანტიკორიფციულ საკითხებზე დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მინით
წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;
პროკურორისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; საჭიროების
შესაბამისად, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის
განახლებისა და დახვეწის შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი
ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის
კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით კონკრეტული წინადადებებისა
და პროექტების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა და
ანტიკორუფციულ თემაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათ
წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
დ) სისხლის სამართლებრივი საქმისწარმოების ინტეგრირებული სისტემის დანერგვა
და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, სისტემის დახვეწა და განვითარება;
სისხლის სამართლის სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა და
დახვეწა, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
ე)  სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებთან და კვლევით ინსტიტუტებთან
თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა;
ვ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამართლის, სისხლის
სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესში ძირითადი ტენდენციებისა და
სიახლეების კვლევა, უცხო სახელმწიფოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობის,
მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სასამართლოების პრაქტიკის გაცნობა;
ზ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 7
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) სტრატეგიული განვითარების სამმართველო;
ბ) კვლევისა და ანალიზის სამმართველო.
მუხლი 8
სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით
წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ბ) პროკურორთათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას;
გ) სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის
საჭიროებისამებრ განახლებისა და დახვეწის შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე
პროკურორთათვის ტრენინგმოდულების შემუშავებას;
ე) არასრულწლოვანთა მასრთლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით
კონკრეტული ინიციატივების, წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას და მათი
იმპლემენტაციის ხელშეწყობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გაეროს
ბავშვთა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი
ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვასა და მათი იპლემენტაციის ხელშეწყობას;
ზ) დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებთან დაკავშირებული პროგრამების
შემუშავებას;
თ) სტრატეგიული მნიშვნელობის საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ
პროექტების შემუშავებასა და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობას;
ი) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
საქმიანობის ხელშეწყობას;
კ) ანტიკორუფციულ თემაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და
მათ წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადებას;
ლ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ინტეგრირებული სისტემის დანერგვისა
და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას, სისტემის დახვეწასა და
განვითარებას;
მ) სისხლის სამართლის სტატისტიკური მეთოდოლგიის პერიოდულ გადახედვასა
და დახვეწას, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას.
მუხლი 9
კვლევისა და ანალიზის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობასა და მისი შედეგების
ანალიზს;
ბ) სტრატეგიული განვითარების სამმართველოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევების მომზადებას; კვლევასა და ანალიზს
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის,
დაზარალებულთა პროგრამების ეფექტურობის შეფასებით კვლევას, დანაშაულისა
და სასჯელის ურთიერთკავშირის საკითხთა კვლევას, დანაშაულის რეციდივის
კვლევასა და პროგნოზირებას და სხვა;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან
თანამშრომლობას და კვლევითი პროექტების მართვას;
დ) სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში სტატისტიკური ანალიზის
საჭიროებისამებრ განხორციელებას;
ე) ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
არსებული პრაქტიკის ანალიზს. ამ თემაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთობასა და მათ წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადებას.
თავი IV
სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებასა და სხვა
სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა
მუხლი 10
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტიი
მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, მათ შორის, მთავარი
პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკურ
სამმართველოსთან, აგრეთვე სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის
დეპარტამენტთან, სამართალშემოქმედების დეპარტამენტთან, ადმინისტრაციასა და
სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან.
თავი V
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 11
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 12
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების
შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ
მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ
თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ
გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში
მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის სხვა მოადგილეებს
წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის,
დეპარტამენტის მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებ-
ლობის დაკისრების შესახებ;
ი) წარუდგენს მინისტრს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ
თანამდებობებზე დასანიშნად;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა
დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და
გადამზადების შესახებ;
მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით
დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამავდროულად არის სტრატეგიული
განვითარების სამმართველოს უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს
საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის
მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს
შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს
დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მუშაკთა
სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის
ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და მინისტრის
შესაბამისი მოადგილეების წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 14
1. კვლევისა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს
უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს მოხელეების მიერ თავიანთი
მოვალეობების შესრულებას;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი
ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 15
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველს მრჩევლები;
ბ) დეპარტამენტის მრჩევლები;
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების
შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სამმართველოს
უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის
წინაშე.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ
დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო
განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი VI
დასკვნითი დებულება
მუხლი 16
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.